9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო.

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. დაღუპული 21 ადამიანიდან ხუთი რეგიონიდან იყო. პირველი ღონისძიება 4 აპრილს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეს საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა, რადგან 9 აპრილს დაღუპულთაგან ორი – შალვა (დათო) ქვასროლიაშვილი და მამუკა ნოზაძე კახეთის რეგიონიდან იყვნენ.

მეორე ღონისძიება 8 აპრილს გურიის რეგიონში გაიმართება, საიდანაც, ნინო თოიძე და ნატო გიორგაძე იყვნენ. ღონისძიებათა ციკლი 9 აპრილს სამეგრელოს რეგიონში დასრულდება, საიდანაც აზა ადამია იყო.

კვირეულის მიზანია 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული 21 ადამიანის მიმართ მადლიერების გამოხატვა, მათი ხსოვნისა და ოჯახის წევრებისთვის პატივის მიგება.