9 აპრილი – ტრაგედიისა და გამარჯვების დღე
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან და 35 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან. 1989 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი დამოუკიდებლობას ითხოვდა, რა დროსაც მშვიდობიანი აქცია საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა დაარბიეს. თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილ უიარაღო მოქალაქეებს დილის 4 საათზე, საბჭოთა არმიის მძიმე ტექნიკა, შემდეგ კი – რუსეთის შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები დაესხნენ თავს. საბჭოთა ჯარისკაცებმა მშვიდობიან მომიტინგეებს გზა მძიმე ტექნიკით, ტანკებით ჩაუხერგეს, შემდეგ დემონსტრანტებს ნიჩბებით და მხუთავი აირით გაუსწორდნენ. მშვიდობიანი აქციის ჩახშობის ოპერაციას რუსი გენერალი, იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. 9 აპრილის აქციის დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. აქედან 17 ქალი და 4 მამაკაცი იყო. გარდაცვლილებს შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც. 9 აპრილის აქციაზე სასტიკი ანგარიშსწორების შედეგად, 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი, სხვადასხვა სახის დაზიანებით, საავადმყოფოში მოათავსეს. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე პირი. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.