9 აპრილი - ტრაგედიის და გამარჯვების დღე

დღე, რომელიც ორ ისტორიულ მოვლენას აერთიანებს. დღეს 9 აპრილია – ტრაგედიის და გამარჯვების დღე.

საბჭოთა შეირაღებული ძალების სპეც-დანიშნულების რაზმის მიერ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე მშვიდობიანი აქციის სასტიკი დარბევიდან 32, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან კი 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი და ტრაგიკული მოვლენები დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე გარდამტეხად იქცა და ორი წლის თავზე ისტორიული რეფერენდუმის ჩატარებით და უზენაესი საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებით დასრულდა. 32 წლის წინანდელ 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეას და ამ იდეით გაერთიანებულ მოქალაქეებს საბჭოთა ჯარმა ტანკები, ტყვიები, დაუდგენელი შემადგენლობის ქიმიური ნივთიერებები, რკინის ნიჩბები და ხელკეტები დაუპირისპირა. დაიღუპა 21, დაიჭრა, მოიწამლა და მძიმედ დაშავდა ათასობით ადამიანი.