9 აპრილი – პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

12:14, 09.04.2026

„ჩვენ გვაქვს ორი 9 აპრილი, 1989 წლის 9 აპრილის ღამე და 1991 წლის 9 აპრილის დღე. ეს ორი თარიღი განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ განუყოფლადაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული“, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი იხსენებს 35 წლიან გზას, შეცდომებს, გადახდილ საფასურს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე ქართველი ხალხი წამოდგომას ახერხებდა. „ათწლეულებს გადმოსწვდა იმ ტრაგიკულ ღამეს უწმინდესი პატრიარქის გაფრთხილება, რომ „საშიშროება რეალურია“, და ეს სიტყვები დღემდე ექოდ გვესმის. განა დღეს ნაკლები საშიშროებები გვემუქრება?! ისინი არსად გამქრალან. საფრთხეები იცვლიან ფორმას, მაგრამ არ ქრებიან. ამავე დროს დღემდე ისმის და ქუხს სხვა სიტყვებიც, რომ „აღსრულდა ნება ქართველი ერისა“. დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს, ვინაიდან, არასდროს დადგება დღე, როდესაც არ ვიტყვით ხმამაღლად, მტკიცედ და შეურყევლად: „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“ – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

მსგავსი