9 აპრილი

30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი, დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები თბილისში 4 აპრილს დაიწყო. თუმცა მაშინდელი მთავრობის სახლის წინ მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციას, კრემლმა საბჭოთა არმია და ნიჩბებიანი სამხედროები დაუპირისპირა. ანტისაბჭოთა აქციის დარბევა 9 აპრილს გამთენიისას დაიწყო, როდესაც რუსთაველის გამზირზე ტანკები და რუსული სადამსჯელო რაზმი გამოჩნდნენ. ტრაგედიის შემდეგ, ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

თბილისში 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები და პოლიტიკოსები დილიდან იკრიბებიან. პარლამენტის შენობასთან ვაკო ორმოცაძე მუშაობს.