ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთის ისედაც დაძაბულ და კონფლიქტებით დატვირთულ გარემოს კიდევ უფრო ფეთქებადსაშიშს ხდიდა. თუმცა მოვლენები საკმაოდ მოულოდნელად განვითარდა და მართალია მყიფე, თუმცა მშვიდობის შანსი მაინც გაჩნდა.
აშშ სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა რომ ირანი მზადაა აშშ-სთან მოლაპარაკებები გამართოს სარაკეტო პროგრამის თაობაზე. „მათ პირველად განაცხადეს ამის შესახებ“, ხაზი გაუსვა პომპეომ. „მათ უნდათ ლაპარაკი, ვნახოთ აქედან რა გამოვა“ – იქვე თქვა დონალდ ტრამპმაც.
უფრო ადრე, ამ შესაძლებლობაზე, NBC News-ის ეთერში, ისაუბრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმაც , იმ განსხვავებით, რომ მან მოლაპარაკებისთვის ერთგვარი პირობაც წამოაყენა აღნიშნა რა, რომ თუ აშშ-ს სურს მოლაპარაკებები ბალისტიკური პროგრამების გარშემო, მათ ჯერ უნდა შეწყვიტონ რეგიონის ქვეყნებისათვის იარაღის მიყიდვა. ასეა თუ ისე, ირანზე დარტყმა, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ საკმაოდ რეალური ჩანდა, როგორცა ჩანს, გაურკვეველი დროით გადაიდო.
მდგომარეობა კი უკიდურესად მაშინ დაიძაბა, როდესაც ირანმა ორმუზის ყურის თავზე აშშ-ს კუთვნილი მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. როგორც ჰატამ ალ ალბიაში (ირანის ჰაერსაწინააღმდეგო ბაზა, სადაც რუსული S-300-ებია გაშლილი) ირანის რევოლუციის მცველთა კორპუსის შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა გოლამ ალი რაშიდმა განაცხადა, ირანის შეიარაღებული ძალები მზადაა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს ნებისმიერ აგრესიას ირანის კუნძულების, საზღვაო თუ სახმელეთო საზღვრების წინააღმდეგ. „არავის შეუძლია გაკეთოს იმის პროგნოზი, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, თუ ის დაიწყო. არავის არ შეუძლია გააკონტროლოს მისი ხანგრძლივობა და მასშტაბი“ . ასე უპასუხა მან დონალდ ტრამპის ინტერვიუს Fox News-თან, სადაც ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ თუ აშშ-სა და ირანს შორის ომი დაიწყო, ეს სწრაფი ომი იქნება.
„აშშ-მ უნდა ისწავლოს გაკვეთილი, რომელიც ერაყსა და ავღანეთში შეჭრით მიიღო და რამაც უკვე „შეჭამა“ 7 ტრილიონი დოლარი, ხოლო ბოლო ჯერ კიდევ არ ჩანს. აშშ-ს მაღალი ფასის გადახდა მოუწევს ასევე, თუ ირანზე თავდასხმაზე წავა“ თვლის გოლამ ალი რაშიდი.
ირანის პარლამენტის ეროვნული უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარემ მოჰტაბ ზონურმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თითქოს ტრამპმა ირანის დაბომბვამდე ათი წუთით ადრე გადაიფიქრა ირანზე დარტყმის მიყენება, იყო „პოლიტიკური ბლეფი“ და აშშ დარწმუნებული რომ ყოფილიყო თავდასხმის წარმატებაში, ის მას აუცილებლად განახორციელებდა. მოჰტაბ ზონურმა ასევ განაცხადა, რომ ტრამპი ბიზნესმენია და არა „ომის კაცი“. მეტიც, მან თქვა, რომ თუ აშშ მაინც წავა გამწვავებაზე, მაშინ საომარი მოქმედებების დაწყებიდან ნახევარ საათში, ისრაელი შეწყვეტს არსებობას. ამით მან მიანიშნა, რომ ირანი მზადაა „ააფეთქოს“ მთელი რეგიონი.
ასეა თუ ისე, ბ-ნმა პომპეომ ახალი რეალობა დააანონსა. თუმცა მოვლენები არაერთგვაროვნად განვითარდა: რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა; ირანი და რუსეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ, მანამდე კი ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თეირანში ვიზიტზე უარი უთხრა. ასე რომ, ძნელია ვარაუდი, თუ რამდენად ხანგრძლივი იქნება სულ ცოტა ხნით ადრე შენელებული საომარი რიტორიკა.