შვიდი წელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა. ის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. მაშინ ოკუპანტები ირწმუნებოდნენ, თითქოს ქართველი სამხედრო არ უწამებიათ და ის გულის უკმარისობით გარდაიცვალა, თუმცა თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ის ცხინვალის ციხეში სასტიკად აწამეს.
ოკუპანტებმა ნაწამები ცხედარი ოჯახს 26-დღიანი ტყვეობის შემდეგ, 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. ამავე წლის 22 აგვისტოს არჩილ ტატუნაშვილის საქმე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გაეგზავნა, რომელმაც საქმე წარმოებაში მიიღო.
 
შეგახსენებთ, უმცროსი სერჟანტი, საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. სასაფლაოზე დღეს, ოჯახთან ერთად, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს, მოგვიანებით კი სამხედრო მოსამსახურეებმა წილკანის დევნილთა დასახლებაში გადაინაცვლეს, სადაც ყოფილი სამხედროს სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.