თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად დაესწროს. პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა და მოწმე გიორგი რატიშვილი დაიკითხა, რომელიც 2007 წელს კომუნიკაციების კომისიის მუშაობდა. რატიშვილმა ისაუბრა ტელეკომპანია „იმედისთვის“ ლიცენზიის შეჩერების ეპიზოდზე და აღნიშნა, რომ „იმედისთვის“ ლიცენზიის შეჩერების საკითხში კომისიის წევრებთან ერთად ჩართული იყო მურთაზ ზოდელავაც. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.