7 მარტის საპროტესტო აქციის ქრონიკა და შეფასებები  

კიდევ ერთი მძიმე ღამე რუსთაველის გამზირისთვის. 66 დაკავებული, არაერთი დაშავებული და სპეციალური საშუალებებით დაშლილი აქცია – ასეთია 7 მარტის საპროტესტო გამოსვლის შედეგი.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც შეკრებილთა ნაწილმა სადავო კანონ-პროექტების მხარდამჭერი დეპუტატებისთვის სირცხვილის დერეფნის მოსაწყობად პარლამენტის გვერდითა შესასვლელებისკენ გადაინაცვლა. სპეცრაზმმა მათ მიმართ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. ღამის 12 საათისთვის ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. აქციის ცალკეული მონაწილეების მხრიდან დაფიქსირდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის და სხვა აალებადი საშუალებების, ასევე სხვადასხვა ნივთის სროლის ფაქტები. დაშავებულებს შორის არიან სამართალდამცავებიც.

რამდენად პროპორციული იყო პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა – სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძიება უკვე დაიწყო. მანამდე კი ეს საკითხი არაერთგვაროვანი შეფასებების თემაა. ოპოზიცია, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, სამართალდამცავებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ საღამოს ცხრა საათისთვის პოლიციის პირველივე ჩარევა უკანონო და არაპროპორციული იყო. ძალის გამოყენების პროპორციის დარღვევის ფაქტებზე მიუთითებს ახლად არჩეული სახალხო დამცველიც, რომელიც გუშინ დემონსტრანტების ნაწილის თავდასხმის სამიზნე გახდა.