7 იანვარს ალილოს მსვლელობა გაიმართება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს თბილისში ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება გარკვეულ ქუჩებზე ეტაპობრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებით შეფერხდება და ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით. 15:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რის გამოც მძღოლები კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს კი ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან იმოძრავებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ, საიდანაც დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას.