61 წლის ასაკში ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა

61 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე. გაჩეჩილაძე იყო საქართველოს მეხუთე და მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი. არჩეული იყო მეშვიდე მოწვევის პარლამენტშიც. იყო ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე 2008 წლის არჩევნებზე. პოლიტიკური კარიერა ლევან გაჩეჩილაძემ 1999 წელს დაიწყო. 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. ის მალევე გამოეყო უმრავლესობას და დავით გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია „ახალი მემარჯვენეები“. 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, გაჩეჩილაძე გახდა თბილისის საკრებულოს წევრი მემარჯვენეების სიით. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი). 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. 2008 წლის 7 ივნისიდან 2008 წლის 20 ივნისამდე პერიოდში კი იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით.

ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „:ლევან გაჩეჩილაძემ ქართულ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა თავისი გულწრფელი და თავგანწირული ბრძოლით, თავისი ხალხისა და სამშობლოს უანგარო სიყვარულით. ასეთი გამორჩეული პატრიოტის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ყველა ჩვენგანისათვის. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავენ და სამძიმრის წერილს ავრცელებენ  ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილებიც: „ბატონი ლევანი საქართველოს უახლეს ისტორიაში უდავოდ იყო ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას ერთიანობის, შეუპოვარი ბრძოლისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს უჩვენა. ჩვენს ოჯახს ბატონ ლევანთან დიდი ხნის მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს. სამძიმარს ვუცხადებთ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო. “ – ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილში.