რამდენიმეკვირიანი დიპლომატიური ძალისხმევა წარმატებული აღმოჩნდა.
ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია. ამერიკის და საფრანგეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. საერთაშორისო საზოგადოებას იმედი აქვს, რომ 60-დღიანი ზავი გრძელვადიანი იქნება და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს. შეთანხმებას წინ ისრაელსა და ლიბანში მოქმედ რადიკალურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის ინტენსიური შეტაკებები უძღოდა, რასაც საკმაოდ დიდი მსხვერპლი და ლტოლვილთა ახალი ნაკადები მოჰყვა. ვითარების მორიგი ესკალაცია „ჰამასის“ მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო. „ჰამასის“ მოკავშირე „ჰეზბოლას“ სარაკეტო შეტევებს ისრაელმა ჯერ საავიაციო დარტყმებით, შემდეგ კი სახმელეთო ოპერაციის დაწყებით უპასუხა.