#თვითმმართველობა2017 საბურთალოს რაიონის გამგეობასთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო

უკვე ორი წელია, რაც საბურთალოს რაიონის საპილოტე პროექტი –  საზოგადოებრივი საბჭო თავის ფუნქცია- მოვალეობებს ასრულებს. საკონსულტაციო ორგანო, მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, გამგებელთან ერთად გადაწყვიტონ, რა არის  მათი უბნისათვის პრიორიტეტული და მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში. საბჭოს წევრები ერთმანეთისგან განსხვავებული პროფესიისა და შეხედულებების ადამიანები არიან, რაც გამგებლის აზრით მუშაობის პროცესს უფრო საინტერესოს ხდის.

საბურთალოს რაიონში სულ სამი საბჭო ფუნქციონირებს, დებულების მიხედვით, შეხვედრები თვეში ერთხელაა, თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ განსახილველი ბევრი საკითხია, საბჭოს წევრები ორ კვირაში ერთხელ იკრიბებიან. თითოეულ საბჭოში სულ 21 წევრია და ისინი საბურთალოს რაიონში მცხოვრები მოქალაქეებით და მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.

საზოგადოებრივი საბჭო, ექსკლუზიურად მხოლოდ საბურთალოს რაიონის გამგეობაში, გამგებლისა და თბილისის მერის ინიციატივით შეიქმნა. მისი ეფექტურობის შემთხვევაში კი, თბილისის ყველა რაიონში დაინერგება. 2016 წელს საბურთალოს საზოგადოებრივ საბჭოს სახელი შეეცვალა და ახლა მას  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ჰქვია. საზოგადოებრივი საბჭოს პრეცედენტები საქართველოში მრავლადაა, თუმცა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მსგავსი რამ პირველი შემთხვევაა.

ავტორები: ანი მეზვრიშვილი, პაატა ყვავაძე