5 ივლისის საქმე - საგამოძიებო მოქმედებები

ჩხრეკა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლების, ორგანიზაცია „ქართული მისიის“ წევრების და გურამ ფალავანდიშვილის სახლებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე საათიანი გამოკითხვები დასრულდა. „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებმა საგამოძიებო უწყება უკვე დატოვეს. გამომძიებლების შეკითხვებს დღეს იმ სასულიერო პირმაც უპასუხა, რომელსაც 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე გაკეთებული მოწოდების გამო საპატრიარქომ საყვედური გამოუცხადა. სწორედ „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელთა საქმიანობის შესწავლა და მედიაზე მომხდარი მასობრივი ძალადობის ორგანიზატორთა დასჯაა მოთხოვნილი იმ განცხადებაში, რომელიც დღეს პროკურატურაში ჟურნალისტების ხელმოწერით შევიდა. მედია საშუალებები საგამოძიებო უწყებას იმ ვიდეო მასალებზეც მიუთითებენ, სადაც ძალადობრივ მოწოდებებთან ერთად ჩანს, თუ როგორ გაიცემა კონკრეტული დავალებები და როგორ ხდება ჯგუფების გადაადგილება. ამ წუთის მონაცემებით, 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე ბრალი 24 ადამიანს აქვს წარდგენილი. ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის მუხლით პასუხისგებაში ამ დრომდე არავინაა მიცემული.