5 ივლისის საქმე - პოლიტიკური შეფასებები

დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებებს და „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლების გამოკითხვებს კვირას დაგეგმილ რიგგარეშე სესიას და მწვავე საერთაშორისო რეზონანსს უკავშირებს ოპოზიცია.

19 ივლისს პარლამენტში ვახტანგ გომელაური მივა და 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე დეპუტატების მწვავე შეკითხვებს უპასუხებს. კითხვები ექნებათ მმართველი გუნდის წევრებსაც. კანონმდებლებს აინტერესებთ, რატომ ვერ უზრუნველყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მედიაზე ძალადობის პრევენცია, მით უმეტეს იმ მუქარის შემცველი მოწოდებების ფონზე, რომლებიც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორთა მხრიდან წინასწარ კეთდებოდა. რა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ძალადობის სავარაუდო ორგანიზატორთა გამოსავლენად – ეს ხელისუფლების ოპონენტთა ერთ-ერთი მთავარი კითხვაა. ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების და გომელაურის გადადგომის მოთხოვნა საპარლამენტო ოპოზიციის დღის წესრიგში რჩება.