40 წელი ჩერნობილის კატასტროფიდან
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინაში ჩავიდა. კიევში ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, შემდეგ კი ჩერნობილს ეწვევა, სადაც ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის მე-40 წლისთავზე კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებს. სანდუმ ვიზიტის შესახებ სოციალური მედიის საშუალებით განაცხადა. მოლდოვის პრეზიდენტი წერს: „დაბინძურებული რეაქტორის თავზე არსებული თაღი აჩვენებს, რომ ქვეყნებს შეუძლიათ დიდი წარმატების მიღწევა, როდესაც ისინი ერთად მუშაობენ. დღეს ჩვენ გვჭირდება იგივე ერთიანობა და მონდომება ევროპაში მშვიდობის დასაცავად. მოლდოვის ადგილი მათთანაა, ვინც მშენებლობას ირჩევს და არა ნგრევას“, – აცხადებს სანდუ. შეგახსენებთ, რომ ავარია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც კიევიდან 120 კილომეტრში მდებარეობდა, 1986 წლის 26 აპრილს მოხდა და ბირთვული ენერგიის ისტორიაში ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო. მე-4 ბლოკში აფეთქებისა და ხანძრის შემდეგ ატმოსფეროში დიდი რაოდენობით რადიაქტიური მასალა გამოიყო. რადიაციამ ევროპის მრავალი ქვეყანა დააზარალა, ყველაზე მეტად კი – უკრაინა და ბელარუსი. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი. რადიაციის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად კი დანგრეული რეაქტორი „სარკოფაგით“ დაილუქა, ხოლო ატომური ელექტროსადგურის გარშემო 30-კილომეტრიანი „გაუცხოების ზონა“ შეიქმნა.