მე-4 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი მკურნალი ექიმის ინფორმაციით, დაშავებულს მუცლის ღრუს დახურული ტრავმა აღენიშნება და ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა.

შვიდი წლის მოზარდი ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. შემთხვევის დროს ის კლასელებთან ერთად აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ მოზაიკაში კონცერტზე იყო მისული.

თვითმხილველების ინფორმაციით, ღონისძიების დაწყებამდე ბავშვი მოაჯირზე მიფარებულ ფარდას მიეყრდნო. მოაჯირის ამ ნაწილს კი არ ჰქონდა მიმაგრებული შუშა. ბავშვი მე-4 სართულიდან გადავარდა და მესამე სართულზე დაეცა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ. გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.