4 ოქტომბრის საქმე - სასამართლო პროცესი

4 ოქტომბრის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვეს. დღეს მოსამართლე, სავარაუდოდ, განაჩენს გამოაცხადებს. ამ წუთებში ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით სარგებლობენ. საუბარია გიორგი ჩახუნაშვილზე, ია დარახველიძეზე, დავით ჟღენტზე, კონსტანტინე კოკაიაზე, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუაზე. კიდევ ერთს, ზაქრო ალბუთაშვილს კი, საპროცესო შეთანხმება ჰქონდა მოთხოვნილი, თუმცა დღევანდელ სხდომაზე, პროცესის დასაწყისშივე განაცხადა, რომ უარს ამბობს საპროცესო შეთანხმებაზე და იწყებს შიმშილობას იქამდე, ვიდრე პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია არ გათავისუფლდება ციხიდან. ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.