4 ოქტომბრის საქმე – საპროცესო შეთანხმებები

18:32, 02.11.2026

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირთა ნაწილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. საუბარია ზურაბ ჭავჭანიძეზე, ნანა სანდერსა და ანტონ ვარდანიძეზე. მათ ბრალი აღიარეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. გარიგების მიხედვით ერთი წლითა და ერთი თვით რეალური სასჯელი განესაზღვრათ. მსჯავრდებულები საპატიმრო დაწესებულებას რამდენიმე დღეში დატოვებენ. წერილობითი და სიტყვიერი თანხმობა მხარეებმა დღევანდელ სხდომაზეც დააფიქსირეს. დღესვე გამოცხადდა გადაწყვეტილება ნანა სანდერთან ერთად მსჯავრდებულ პირებზე – აბო ნავერიანსა და მარიამ მეყანწიშვილზე. სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება: აბო ნავერიანს 5 წლით პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს 5 000-ლარიანი ჯარიმა უცვლელად დარჩა.პარალელურად, გრძელდება იმ პირების საქმის განხილვა, რომლებიც საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებენ. ნაწილის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ, 12:00 საათზე გამოაცხადებს. 4 ოქტომბრის საქმეზე სულ 64 პირი მიეცა პასუხისგებაში, საიდანაც 50-მა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვა გრძელდება და არ არის გამორიცხული, საპროცესო შეთანხმების გაფორმების მსურველთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.

მსგავსი