ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ათი პირის პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულებს შორის არიან, ე. წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე. მათ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას ედავებიან. პროცესს რამდენიმე სხდომის გამოტოვების შემდეგ, დღეს პაატა ბურჭულაძეც ესწრება. პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა, დაიკითხება რამდენიმე მოწმეც, მათ შორის ექსპერტები, რომლებსაც ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა აქვთ ჩატარებული. პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც სამივე მუხლი, რომელსაც მას პროკურატურა ედავება, პუნქტობრივად გაიარა და მისი თქმით, წარმოადგინა არგუმენტაცია, რომ არცერთ ბრალს საფუძველი არ აქვს. მისივე განმარტებით, სწორედ ის არის 4 ოქტომბერს ეროვნული კრების ინიციატორი და ეს დღე მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ბურჭულაძის მოსაზრებით, საქმეში არ არსებობს არცერთი ვიდეომტკიცებულება, რაც ადასტურებს, რომ მან ძალადობრივი განცხადება გააკეთა და ვინმეს ძალადობის ორგანიზებისკენ მოუწოდა.