4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული პირების ნაწილი საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა, ამ ეპიზოდზე ბრალდებული 13 პირია. სხდომა დღეს გადაიდო, რადგან ადვოკატებმა მოითხოვეს დრო, მიმდინარეობს საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება პროკურატურასთან. გადაწყვეტილება მომდევნო ოთხშაბათს გახდება ცნობილი. საუბარია სიმონ მახარაძეზე, კახაბერ კვაჭანტირაძეზე, გიორგი კირვალიძეზე, გია თოლორაიაზე, მიხეილ თოლორაიაზე, ავთანდილ თოფჩიშვილზე, იური ლომიძეზე, დავით გიუნაშვილზე, გიორგი ტალახაძეზე, ბექა მაჭავარიანზე, მანუჩარ მიქელაძეზე, საბა კორძაიასა და კობა ეპიტაშვილზე. მათ სახელმწიფო ბრალდება რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი – სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.