რა იგეგმებოდა და რატომ არ განვითარდა მოვლენები ისე, როგორც ამას ოთხ ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის უშედეგო მცდელობის ავტორები გეგმავდნენ. თუ უკვე ცნობილია პასუხი კითხვაზე – რა იგულისხმებოდა „მშვიდობიან დამხობაში“ – ამ დრომდე უცნობია ვინ იღებს პასუხისმგებლობას განვითარებულ ძალადობრივ პროცესებზე.
პოლიტიკური აქტორები, რომლებიც მსოფლიო ბანის გეგმებს იზიარებდნენ და თავისუფლების მოედანზე ტაშსაც უკრავდნენ, დღეს პაატა ბურჭულაძეს აკრიტიკებენ და დამხობის სტრატეგიას იწუნებენ. მათ შორის არიან ისინიც, ვინც სანამ პროცესები მათთვის მიუღებელ შედეგამდე არ მივიდა, დაანონსებულ გეგმაში პრობლემას ვერ ხედავდა. რატომ დაიწყო კრიტიკა ახლა – ეს კითხვა პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ ლიდერებსაც აქვთ. ვიდრე ოპოზიციის ნაწილი ვერ შემდგარი რევოლუციის მიზეზებს არკვევს და დამნაშავეს ეძებს. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ოპონენტების გეგმა ძალადობრივი დამხობა და სისხლისღვრა იყო. მომავალში მსგავსი მოვლენების პრევენციისთვის მმართველი გუნდი მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს.