4 ოქტომბრის მოვლენები – საერთაშორისო აქტორების როლი

21:19, 06.10.2025

შაბათს განვითარებულმა მოვლენების ფონზე საერთაშორისო პარტნიორების რიტორიკა უცვლელია. ბრიუსელიდან და ევროპის ცალკეული ქვეყნებიდან თვითმმართველობის არჩევნების გარშემო შეფასებები საკმაოდ მწვავეა. რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეჭრას და ღობის მორღვევას, – ძალადობრივი ქმედებები კონკრეტული ფაქტის მითითების გარეშე ამ ეტაპზე მხოლოდ ევროკავშირის პრეს-სპიკერის განცხადებაშია ნახსენები. „ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ძალადობას ყველა მხარისგან“- ასეა ფორმულირებული შეფასება. თუმცა საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებაში ხაზგასმულია დიალოგის საჭიროებაც. ევროკავშირიდან ხელისუფლებას პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებენ. თავის მხრივ მმართველი გუნდი ევროკავშირის პრეს-სპიკერს ჯერ კიდევ არჩევნებამდე გაკეთებულ განცხადებას ახსენებს და ძალადობრივი გეგმის მხარდაჭერაზე მიუთითებს. 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს „ქართული ოცნება“ სწორედ ცალკეული საერთაშორისო პარტნიორებისგან წახალისების შედეგად აცხადებს.

მსგავსი