იკვეთება თუ არა კავშირი „მშვიდობიანი დამხობის“ გეგმასა და ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს შორის – ჯერ კიდევ 4 ოქტომბრამდე პრემიერის მხრიდან გაკეთებული განცხადება უფრო კონკრეტდება.
მთავრობის მეთაური აზუსტებს, რომ საუბარია იმ ყოფილ მაღალი თანამდებობის პირზე, რომელიც დაკავებული პოსტიდან მისი პრემიერობის პერიოდში წავიდა. არ ზუსტდება, რა სახის თანამშრომლობაზეა საუბარი, თუმცა არქივი ინახავს აქციის მხარდამჭერი პოლიტიკური აქტორების განცხადებებს, სადაც აანონსებდნენ, რომ ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელებისგან ბევრ სიურპრიზს უნდა დალოდებოდა. 12 დღის შემდეგ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები და მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ მშვიდობიანი დამხობა ძალადობას გამორიცხავდა, თუმცა გეგმას გაშიფრულად აცხადებს მმართველი გუნდი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ჩანაფიქრი და მიზანი არეულობა, ქაოსი, სისხლისღვრა და ხელისუფლების ძალისმიერი გზით დამხობა იყო. მშვიდობიანი დამხობის გეგმის ავტორების და მხარდამჭერების მიმართ პრეტენზიები აქვს ოპოზიციის ნაწილსაც, რომელიც მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს.