რამდენად მშვიდობიანი იქნება დაანონსებული მშვიდობიანი დამხობა – კითხვას რევოლუციური სცენარის ინიციატორების და მათი თანამოაზრეების ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და ინსტრუქციები აჩენს. მოძრაობა ჯგუფებად დედაქალაქის მასშტაბით, სპეცოპერაციის პუნქტების გარღვევა და შურდული და ვაზელინი ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მუშაობის შესაფერხებლად. 4 ოქტომბრის აქციის პოტენციურ მონაწილეებს, მოვლენების განვითარების საკუთარ ხედვას და კონკრეტულ ინსტრუქციას, როგორც პოლიტიკოსები, ისე სამოქალაქო აქტივისტები უზიარებენ, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ქუჩაში არ გამოსვლის სანაცვლოდ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ბოლო პერიოდში დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას ითხოვს. როგორ განვითარდება პროცესები, ოთხ დღეში გაირკვევა, მანამდე კი ხელისუფლება ოპონენტებს კანონის ფარგლებში დარჩენას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მკაცრ საპასუხო ზომებზე აფრთხილებს.