4 ოქტომბრიდან სწავლა იწყება

ხვალიდან, 4 ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი სასკოლო გარემოში, დასწრებულ ფორმატში გაგრძელდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები აღჭურვილია ყველა საჭირო რესურსით, რაც პანდემიის მართვისთვის არის აუცილებელი. დასუფთავდა და დეზინფექცია ჩაუტარდა იმ სკოლებს, სადაც 2 ოქტომბერს საარჩევნო უბანი იყო განთავსებული. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, 221-ე სკოლაში, სადაც 1700 მოსწავლე სწავლობს, ვაქცინირებულია სკოლის პერსონალის 87 პროცენტი, ყველა საკლასო ოთახი, საერთო თუ დასასვენებელი სივრცე აღჭურვილია აუცილებელი სადეზინფექციო საშუალებებით. განათლების სამინისტრო ყველას მოუწოდებს, რომ დაიცვან არსებული რეკომენდაციები.