ოპოზიციის ერთი ნაწილი არჩევნებისთვის ემზადება, მეორე კი – „ქართული ოცნების“ „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებს. პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ხვალ ივანიშვილის რეჟიმის დასრულების შემდეგ იღებს პასუხისმგებლობას, რომ არ შეჩერდება არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რისთვისაც კონკრეტული გეგმა არსებობს. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს რუსთაველზე შეკრებისკენ. პარალელურად კი, „ნაცმოძრაობის წევრი“, გენერლები – ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი განცხადებას ავრცელებენ და ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობრივ მოწოდებებს და ქმედებებს. მათ თქმით, ვინც ქვეყანაზე ფიქრობს და არა მხოლოდ პირად ინტერესებზე, თავი უნდა შეიკავონ პროვოკაციებისგან, რომლებსაც ახალგაზრდებს ახვევენ თავს. რაც შეეხება, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციონერებს, ისინი კენჭისყრის გზით აპირებენ „ქართული ოცნების“ დამარცხებას. დაგეგმილ პროტესტს სკეპტიკურად უყურებს პარტია „გირჩი“. „ქართულ ოცნებაში“ კი გამარჯვებაში დარწმუნებული არიან და ამბობენ, რომ ნებისმიერ გადაცდომას ექნება რეაგირება.