37 წელი 9 აპრილის მოვლენებიდან – დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე

21:15, 09.04.2026

თარიღი, რომელიც ორ მოვლენას აერთიანებს.

დღეს 9 აპრილია – ქვეყანა დამოუკიდებლობისთვის დაღუპულებს იხსენებს. სწორედ 37 წლის წინ საბჭოთა ჯარების მიერ სასტიკად დარბეულმა აქციამ და მაშინდელმა ტრაგიკულმა მოვლენებმა განსაზღვრა ქვეყნის მომავალი და ზუსტად ორი წლის თავზე საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან დილიდან ხალხის ნაკადი არ წყდება – რუსთაველის გამზირზე მიაქვთ უმძიმესი დღის სიმბოლოდ ქცეული ტიტები. თუმცა მეორე წელია, ქვეყნის ერთიანობის დღე და ტრაგიკული თარიღი ცალკეული ჯგუფების მხრიდან პოლარიზაციის, დაძაბულობის და დაპირისპირების გასაღრმავებლად გამოიყენება. შარშანდელის მსგავსად, იყო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მძიმე დღის მისაკუთრების და მემორიალთან ცოცხალი კედლის აღმართვის მცდელობა. პოლიტიკური ნიშნით მოხდა სიტყვიერი თავდასხმები და ფიზიკური ძალადობა. პარლამენტთან მყოფი მოქალაქეთა ნაწილი, რომელიც წელიწადზე მეტია, ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებს მართავს, ცდილობდა, მემორიალთან მმართველი გუნდის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არ მიეშვა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე სამართალდამცავთა დამატებითი ძალის მობილიზება გახდა საჭირო. მძიმე პირობებში მოუხდა მუშაობა მედიის ნაწილსაც – პრორუსული პოლიტიკის გატარების არგუმენტით აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მისულ მოქალაქეებს მათთვის არასასურველი მედია-საშუალებებებისთვის ინტერვიუს მიცემას უკრძალავდნენ.

 

მსგავსი