დღე, რომელიც სევდას და თან სიამაყის გრძნობას აღძრავს. ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ორი ცხრა აპრილი და ტრაგედია, რომელსაც ორი წლის თავზე ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა.
37 წლის წინ ამ დღეს რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის და საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მდგომი 21 მოქალაქე საბჭოთა ჯარების სისასტიკეს შეეწირა. დაშავდა, დაიჭრა, ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა და ქიმიური ნივთიერებებით მოიწამლა ასეულობით ადამიანი. სადამსჯელო რაზმი მშვიდობიან დემონსტრანტებს სასანგრე ნიჩბებით, ხელკეტებით, სპეციალური საშუალებებით და იარაღით გაუსწორდა. გზა ანტისაბჭოთა მოძრაობიდან მასშტაბურ პროტესტამდე და სისხლიან მოვლენებამდე – იდეა, რის ჩასახშობადაც სადამსჯელო ოპერაცია ჩატარდა, ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ისტორიული დოკუმენტით განმტკიცდა. საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა.