ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თარიღი საქართველოს ისტორიაში – სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ მიღწეული შეთანხმების დარღვევით, მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო.
რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს. საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში სეპარატისტებს დახმარებას უწევდა რუსული სამხედრო ავიაცია, ინსტრუქტორები და სპეცრაზმის ცალკეული ქვედანაყოფები.
დაუზუსტებელი მონაცემებით, დაიღუპა 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.