გუმისთის ბრძოლიდან 32 წელი გავიდა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვეტერანებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომართა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ქართული მხარისთვის აფხაზეთის ომში გუმისთის ბრძოლის ეპიზოდი ერთ-ერთი წარმატებული სამხედრო მოქმედება იყო. შეტაკება 15-16 მარტს, მდინარე გუმისთის სანაპიროს გასწვრივ, რვა კილომეტრიან ფრონტზე წარიმართა. შავნაბადას ბატალიონმა და სოხუმის სამხედრო პოლიციამ მოწინააღმდეგე ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს. ბრძოლაში განსაკუთრებული როლი არტილერიას ჰქონდა. 16 მარტს მოწინააღმდეგემ უკან დახევა დაიწყო და გუმისთა მთლიანად ქართულმა მხარემ დაიკავა.