30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

20-მა ქალაქმა პირველივე ტურში მერი ვერ აირჩია.

2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო დედაქალაქშიც. 30 ოქტომბერს თბილისის მოსახლეობამ არჩევანი კახა კალაძესა და ნიკა მელიას შორის უნდა გააკეთოს – ცესკოს შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს 50%-იანი ბარიერის გადასალახად 5% დააკლდა. მას თითქმის 11%-ით ჩამორჩება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი. მეორე ტური გაიმართება კიდევ ოთხ თვითმმართველ ქალაქში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები აჩვენებს, რომ ქუთაისში, ზუგდიდში, სენაკსა და ბათუმში პირველი ტურის შედეგებით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ლიდერობენ. სამ ქალაქში კი მმართველი გუნდის მერობის კანდიდატებს 30 ოქტომბერს გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატები და თამაზ მეჭიაური დაუპირისპირდებიან. ახლა ყველაზე საინტერესოა, ვის სასარგებლოდ გადანაწილდება მეორე ტურში ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ხმები, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი ხმები მიიღო. კონკრეტული მოწოდებების გარეშე გახარია არჩევანის გაკეთებას საკუთარ მხარდამჭერებს ანდობს.