28 წელი სამოქალაქო ომიდან

28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო.  15 დღის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანი დაიღუპა.

შეიარაღებული დაპირისპირება 1991 წლის 22 დეკემბერს დილის 8-ის ნახევარზე დაიწყო. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ეს იყო  კრემლიდან ინსპირირებული შეიარაღებული პუტჩი, რასაც შედეგად კანონიერი ხელისუფლების დამხობა მოჰყვა. ვითარება დაიძაბა პრემიერ-მინისტრის თენგიზ სიგუას გადადგომისა და პრეზიდენტის მიერ ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობის გაუქმების შემდეგ.

გვარდიის დიდი ნაწილი, დაახლოებით 15 ათასი კაცი, თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით, ჯერ რკონის ხეობაში, შემდეგ კი თბილისის ზღვის მახლობლად დაბანაკდა. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკება სცადა, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიცია ზვიად გამსახურდიასგან ჯერ თბილისის დატოვებას და ბათუმში წასვლას, შემდეგ კი გადადგომას ითხოვდა. მთავრობის სასახლის დატოვებამდე, პოზიცია არც პრეზიდენტს შეუცვლია.

დაპირისპირებულმა მხარეებმა პოზიციების შეჯერება ვერც მოგვიანებით შეძლეს. მაშინდელი ოპოზიციის მტკიცებით, 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული მოვლენები იყო აჯანყება და ხალხის მიერ წარმოებული ომი, რასაც ექსპერტების და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი არ ეთანხმება.