27 სექტემბერი - უმძიმესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში

1993 წლის 27 სექტემბრის უთანასწორო ბრძოლით აფხაზეთში 13-თვიანი და 13-დღიანი ომი დასრულდა.

ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეს აწამეს ან დახვრიტეს ყველა, ვინც ცეცხლში გახვეული ქალაქიდან გასვლა ვერ მოასწრო. ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და მთავრობის წევრებიც, რომლებმაც სოხუმის დატოვებაზე უარი თქვეს. გადამწყვეტ საბრძოლო მოქმედებებს სეპარატისტების მიერ დარღვეული შეთანხმება უძღოდა. რუსეთის შუამავლობით ორი თვით ადრე ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სოხუმის დაცემამდე 11 დღით ადრე სეპარატისტულმა ძალებმა დაარღვიეს და ქალაქზე ყველა მიმართულებით შეტევა დაიწყეს. ამ დროს ქართულ შეიარაღებულ ძალებს შეთანხმების პირობების მიხედვით ქალაქიდან ტექნიკა და შეიარაღება გაყვანილი ჰყავდა.

ომმა, რომელშიც აფხაზ სეპარატისტებს ზურგს რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები უმაგრებდნენ, ქართულ მხარეს იმსხვერპლა 10 000-მდე სიცოცხლე და დევნილად აქცია 300 000-მდე ადამიანი.

სოხუმის დაცემის შემდეგ სეპარატისტებმა აფხაზეთზე კონტროლი თითქმის მთლიანად დაამყარეს.