26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 

ქვეყანა ეროვნულ დღესასწაულს ზეიმობს.

ისტორიული აქტის მიღებიდან 107 წელი გავიდა. დღეს 26 მაისია – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ეროვნული ჰიმნი, სამხედრო ვერტმფრენები და დროშის ფერები თბილისის ცაზე, 700-მდე წვევამდელის მიერ ფიცის დადება თავისუფლების მოედანზე და ხუთ ისტორიულ ადგილზე, სამხედრო ტექნიკის გამოფენა – ტრადიციულად, დღევანდელი მოვლენების ეპიცენტრში თბილისის მთავარი გამზირია. თავისუფლების მოედანზე დღეს დილით გამართული საზეიმო ცერემონიის შემდეგ ზეიმი რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება იმართებოდა. იყო სიტყვით გამოსვლებიც. მას შემდეგ, რაც თავდაცვის ძალებში გაწევრიანებამდე სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა ფიცი საზეიმოდ დადეს, საზოგადოებას ხელისუფლების პირველმა პირებმა მიმართეს. ყველა გამოსვლაში განსაკუთრებულად იყო აქცენტირებული ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლის მნიშვნელობა. მიმართვებს მმართველი გუნდის შემადგენლობასთან ერთად ისმენდნენ დიპლომატებიც. ცერემონიას რამდენიმე ელჩი დაესწრო.