26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

 მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს ისტორიაში – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 107 წელი გავიდა. დღეს სრულიად საქართველოში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება, რომელსაც ჩვენი მაყურებელი „მოამბის“ უწყვეტ ეთერში ნახავს.

დამოუკიდებლობის ისტორია კი დაიწყო ასე: 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა. შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა – დემოკრატიული სისტემა. საქართველოს დამოუკიდებლობას თავიდანვე მტრულად შეხვდა ბოლშევიკური რეჟიმი, რომლის მიზანიც რუსეთის ყოფილი იმპერიის აღდგენა იყო.

1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა. წლების შემდეგ კი, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი 1991 წლის 9 აპრილს შევიდა ძალაში.