26 მაისი - პოლიტიკური უთანხმოების მორიგი მიზეზი

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. „თავისუფლების სიყვარულით“ – ეს იყო წელს ეროვნული დღესასწაულის მთავარი თემა. ხელისუფლების მთავარი გზავნილი კი სამშვიდობო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია. სამხედრო ფიცი, ეროვნული სიმბოლიკა და ოპოზიციის მიერ პოლიტიზებული ღონისძიების დეკორაცია. ხელისუფლების ოპონენტებმა კრიტიკისთვის, ამჯერად სწორედ 26 მაისის დეკორაცია გამოიყენეს და მმართველი გუნდი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ საქართველოს დროშის გვერდით ევროკავშირის დროშები არ გამოიფინა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისიც თქვეს, რომ ეს დეტალი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას.

მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შეახსენა, რომ ევროკავშირის დროშები სადღესასწაულო ბანერებზე შარშან გამოიფინა, რადგან ქვეყანამ ევროკავშირის წევრობაზე გააკეთა განაცხადი და სწორედ ეს იყო გასული წლის დამოუკიდებლობის დღის თემატიკა. საარქივო მასალები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის დროშები 26 მაისისადმი მიძღვნილ დეკორაციებზე არც გასულ წლებსა და არც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო დატანილი.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ღონისძიების დღის წესრიგში საკუთარი პოლიტიკური აქტივობების შეტანა სცადეს და ამ მიზნით დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის დროშებით მსვლელობა და პერფორმანსებიც მოაწყვეს.

26 მაისი და პოლიტიკური ვნებათაღელვა ნახეთ სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟში.