საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უერთდებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ქართველი ხალხი მილოცვებს იღებს. დილიდან ვრცელდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების და საერთაშორისო ორგანიზაციების მისალოცი წერილები და ქართულ ენაზე ჩაწერილი ვიდეო-რგოლები. სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვერდით დგომა ყველა მილოცვაშია აქცენტირებული. უკვე მეორე წელია, კიდევ ერთი მთავარი გზავნილია კოვიდ-პანდემიასთან, როგორც გლობალურ გამოწვევასთან ბრძოლაში დახმარება და თანადგომა. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სიმბოლური ღონისძიებებით აღნიშნეს. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო კადრები მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობიდან – ნიაგარის ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.