107 წელი ეპოქალური მოვლენიდან და ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის ხელმოწერიდან, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას დაუდო სათავე.
1918 წლის 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე მაშინდელმა ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, რომელსაც 88 ადამიანი აწერდა ხელს. ეს იყო პირველი კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, რომლის მომზადებას წინ საკმაოდ რთული გზა უძღოდა. საბჭოს სხდომას, რომელიც დღევანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა, ნოე ჟორდანია ხელმძღვანელობდა. საბჭოს წევრების და სხდომის მონაწილეების შემდეგ დამოუკიდებლობის 7-პუნქტიანი აქტი მალევე სასახლის წინ შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს. მაშინდელ ემოციებს და სხდომაზე არსებულ სიტუაციას დეტალურად ასახავს პირველი კრების ჩანაწერი, რომელიც საარქივო მასალებში ინახება. ისტორიულ მოვლენას პირველი მთავრობის დაკომპლექტება, არჩევნები 15 პარტიის მონაწილეობით, პირველი კონსტიტუცია და სახელმწიფო ინსტიტუციების ფორმირება მოჰყვა. დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობა არასრული სამი წელი გაგრძელდა – ორი წლისა და ცხრა თვის შემდეგ საბჭოთა რუსეთის არმიის შემოჭრით 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმი დამყარდა. სწორედ 107 წლის წინანდელი დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღიდგინა ქვეყანამ 70 წლის შემდეგ, 1991 წელს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.