25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე

98 წელი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღიდან.

ქვეყანა საბჭოთა ოკუპაციის დღეს და ოკუპაციის ასეულობით მსხვერპლს იხსენებს. დილიდან ყველა სახელმწიფო უწყების თავზე დროშებია დაშვებული. მთავარი შეკრების ადგილი კოჯორია. 1921 წელს სწორედ დედაქალაქის მისადგომებთან, კოჯრის და ტაბახმელას ტერიტორიაზე გაიმართა რუსეთის მე-11 არმიასთან გადამწყვეტი ბრძოლა.

უთანასწორო საბრძოლო მოქმედებებში დამარცხების მიუხედავად, სახალხო გვარდიამ მოხალისეებთან ერთად საბჭოთა არმიას დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

სამწლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ 98 წლის წინ ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა.

რა შეცვალა ქვეყნისთვის 1921 წლის 25 თებერვალმა და რა ხდება დღეს, როცა საქართველოსთვის ოკუპაცია ისევ მთავარი გამოწვევაა – ეს იყო მთავარი აქცენტი იმ პოლიტიკოსების გამოსვლებში, რომლებმაც 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს.