25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე

21:38, 25.02.2025

ქვეყანა ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს და ეროვნულ გმირებს იხსენებს.

104 წლის წინ საქართველოში რუსეთის მე-11 არმია შემოიჭრა და დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. 1921 წლის 25 თებერვალს დამოუკიდებლობის დაკარგვას და გასაბჭოებას წინ უთანასწორო შეტაკებები და ქართველების თავგანწირული ბრძოლა უძღოდა. დედაქალაქის შემოგარენში, კოჯორსა და ტაბახმელაში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის გამართული გადამწყვეტი ბრძოლების გმირებად იქცნენ სამხედრო სასწავლებლის სტუდენტები. ისტორიას მათი გმირობის და თავგანწირვის არაერთი ამბავი შემორჩა. იუნკერებმა გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად რუსეთის წითელ არმიას სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. შეტაკებების დროს მათი უმეტესობა დაიღუპა. ქვეყანაში დღეს სახელმწიფო დროშები დაეშვა. 104-წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები, 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმის სიმძიმე და ოკუპაციის თანმდევი რეპრესიები ტრადიციულად იუნკერების საფლავთან გაიხსენეს.

მსგავსი