25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე

12:15, 25.02.2025

104 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან – 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია შემოიჭრა. სწორედ 25 თებერვალი ჩაიწერა ისტორიაში, როგორც საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი, – გასაბჭოების დღე. წითელმა არმიამ თბილისი აიღო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული საქართველოს ხელისუფლება დაამხო. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. ქვეყანამ 70 წლით დაკარგა დამოუკიდებლობა. საუკუნის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრი კოჯრის და ტაბახმელას მისადგომები იყო – ადგილი, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაეშვა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზეც, პარლამენტის სასახლეზე, თავდაცვის უწყების შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზეც. სახელმწიფო დროშები, ასევე, დაშვებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

მსგავსი