ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დასრულებულია. მიხეილ ყაველაშვილმა და მთავრობის წევრებმა გამომგზავრებამდე ვიზიტი შეაჯამეს. პრეზიდენტის განცხადებით, მას დონალდ ტრამპის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე ჰქონდა შესაძლებლობა, ამერიკის პრეზიდენტისთვის გაეჟღერებინა მთავარი გზავნილი, რომ საქართველოს სურს ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება. მისი თქმით, დონალდ ტრამპი მას დაჰპირდა, რომ ამ საკითხს დაუბრუნდება და დაუკავშირდება.
გარდა ამისა, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. როგორც ყაველაშვილმა განაცხადა, ანტონიუ გუტერეშმა მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს სწორი – მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გზა აქვს არჩეული.