დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყო მსოფლიოს მასშტაბით – დიპლომატიურმა მისიებმა, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. საქართველოს დიპლომატიური მისიები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ჟენევაში. ღონისძიებაზე მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავი“, ხოლო ქართულმა სიმებიანმა კვარტეტმა შეასრულა ქართული კლასიკური ნაწარმოებები. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქ ზაგრების უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ გამოფენა გაიხსნა, რომელზეც წარმოდგენილია ქართული კულტურის, ენის, ისტორიისა და არქიტექტურის ამსახველი ფოტოები. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ხორვატულ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ზაგრების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მიმდინარე წელს ქართული ლიტერატურის კუთხე გაიხსნება, სადაც სტუდენტებს, მკვლევრებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ საინტერესო კოლექციით, რათა უკეთ გაეცნონ ქართულ ენას, ლიტერატურას, საქართველოს ისტორიასა და კულტურას. საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა ქალაქ სტოკჰოლმში, როსენდალის სამეფო ბაღში. ასევე ბრაზილიაში, ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა – ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა. დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება.