არაკომერციული ორგანიზაციების დაფინანსების ახალი სქემა

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნის ინიციატივა მეორე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ოპოზიცია მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, „ქართულ ოცნებაში“ კი მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მთავრობის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო საბიუჯეტო სახსრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე გასცემს. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი, რაც მოხმარდება სააგენტოს შექმნასა და ფუნქციონირებას, ასევე, გრანტის სახით გასაცემ თანხებს. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით ათი პირი დასაქმდება.