2024 წლის ბიუჯეტი

პარლამენტი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირებულ ვერსიას პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს. პირველად ვერსიასთან შედარებით, ის დაახლოებით 7 მილიონი ლარით არის გაზრდილი. მოიმატებს პენსიები, პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების და საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები. გათვალისწინებულია პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდაც. დამატებითი თანხები დაიხარჯება ჯანდაცვის მიმართულებით და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მომავალ წელს, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,2 პროცენტის ოდენობით, ინფლაციის პროგნოზი კი 2,8 პროცენტს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტს ოპოზიციის ნაწილი მხარს არ უჭერს.