2023 წლის ბიუჯეტი

პარლამენტში ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს განიხილავენ. დღეს ბიუჯეტზე კომიტეტებში, ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში იმსჯელებენ. ცოტა ხნის წინ, განხილვა დასრულდა თავდაცვის კომიტეტში. კენჭისყრისას დოკუმენტს მხარი ოპოზიციის ნაწილმა არ დაუჭირა. მომდევნო წლიდან ბიუჯეტის ზრდა აისახება როგორც პოლიციელების, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და პედაგოგების ხელფასებზე, ასევე სკოლების მშენებლობაზე, საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების განვითარებაზე. 2023 წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით თითქმის ორი მილიარდით იზრდება და 21 მილიარდ 302 მილიონ ლარს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტზე შენიშვნები აქვს ოპოზიციას. მმართველ გუნდში კი თვლიან, რომ მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევების ფონზე, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია.