2023 წელს საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა

2023 წელი საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის აღმოჩნდა.

მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ 14 დეკემბერს ბრიუსელში მიღებულმა გადაწყვეტილებამ ყველა მოვლენა და ფაქტი გადაფარა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა. ევროპის 27 ქვეყნის ლიდერთა ერთსულოვანი მხარდაჭერა და თაობების ახდენილი ოცნება – ევროინტეგრაციის გზაზე გარდამტეხი ეტაპი დაიწყო. 2024 წლის ნაცვლად 2022 წელს წარდგენილ განაცხადს წელიწადნახევრიანი რთული გზის შემდეგ ევროპულმა საბჭომ მწვანე შუქი აუნთო. კანდიდატის სტატუსმა ყველა სფეროში ახალ შესაძლებლობებს გაუხსნა გზა და ევროპულ ბაზრებსა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა გაზარდა. ახლა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას ელოდება, რისთვისაც ახალი, ცხრაპუნქტიანი დავალებაა შესასრულებელი.

ამ დრომდე უცნობია, მოახერხებენ თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია ახალ საშინაო დავალებაზე ერთობლივ მუშაობას – 2022 წლის ივნისში, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, ევროპული პერსპექტივა მიიღო, პოლიტიკური სუბიექტები ურთიერთბრალდებების რეჟიმში გადავიდნენ და ინკლუზიური სამუშაო პროცესი ვერ უზრუნველყვეს. პოლიტიკური აქტორები შეთანხმებას ვერც ახლა ახერხებენ, შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რა ვადაში შესრულდება ცხრა პუნქტი და როდის გაიხსნება მოლაპარაკებები. მმართველი გუნდი, რომელიც ოპოზიციასთან თანამშრომლობის  მზადყოფნას გამოთქვამს, დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს 2024 წლის ბოლოდან დაიწყებს.