2020 წლის პოლიტიკური მოვლენების შეჯამება

საქართველოსთვის კოვიდპანდემიასთან ერთად, კიდევ ერთი მთავარი მოვლენა იყო საპარლამენტო არჩევნები. არჩევნებამდე ქვეყანა 2020 წლის ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით – რამდენიმეთვიანი უთანხმოების შემდეგ მიღწეული და რვა მარტის სახელით ცნობილი შეთანხმებით მივიდა. ამან კი ქვეყანას ახალი, პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა მოუტანა. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, პარლამენტში ცხრა პოლიტიკური ძალა მოხვდა, თუმცა „ქართული ოცნების“ გარდა, საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არავინ შესულა. ხელისუფლებას და ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას შორის პოზიციების დაახლოებას ახლა ქვეყნის მთავარი საერთაშორისო პარტნიორები ცდილობენ.