2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა

2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. 8 აგვისტოს დილით, როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. დე-ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, რუსმა სამხედროებმა ასევე დაიკავეს კოდორის ხეობა, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ახალგორი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი. დაიღუპა 412 მოქალაქე მათ შორის 169 ჯარისკაცი, 1 747 კი დაიჭრა, 150 ათასამდე პირი დევნილად იქცა. 35 ათასი სახლი განადგურდა. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი, მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა. ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს და უკანონო პროვოკაციულ მოქმედებებს განაგრძობს.

დატოვე კომენტარი